იმის მიუხედავად, რომ ლიონი ლიგა 1-ში დარჩა, ფრანგული კლუბის გარშემო საუბრები მაინც არ წყდება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება "Le Gones"-ს გეგმებს მაინც არ ცვლის — ფინანსური პრობლემების გამო, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აუცილებლად დატოვებს.
პოტენციურ წამსვლელთა სიაშია გიორგი მიქაუტაძეც, რომლის მიმართ რომას, სანდერლენდის, ფენერბაჰჩესა და გალათასარაის ინტერესი დადასტურდა, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლიონს ქართველი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის მიმართ კიდევ ერთმა იტალიურმა კლუბმა გამოხატა ინტერესი — საუბარია ატალანტაზე, რომელიც მატეო რეტეგის შემცვლელს ეძებს. შეგახსენებთ, იტალიელი ფორვარდი ალ ქადსიაში გადავიდა, შესაბამისად, ბერგამოული კლუბი ახალი ფორვარდის ძიებაშია.
ლიონს ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი მინიმუმ €30-35 მილიონს მაინც გადაიხდის, შესაძლებელია ფრანგულმა კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალოს და ქართველ ფორვარდს შეელიოს.













