მას შემდეგ, რაც ლიონი ფინანსური პრობლემების ფონზე ლიგა 2-ში დააქვეითეს, კლუბის წამყვანი ფეხბურთელების შესახებ საუბრები არ წყდება. მათ შორის ძალიან ბევრი იწერება გიორგი მიქაუტაძის თაობაზეც, რომელსაც ყოველდღიურად სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 24 წლის ფორვარდით რამდენიმე კლუბი სერიოზულად ინტერესდება. საქმეში არიან ინგლისური, იტალიური, ფრანგული და თურქული კლუბები. სანდო წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე კლუბი როგორც ლიონს, ისე გიორგი მიქაუტაძის აგენტსაც დაუკავშირდა, თუმცა ფეხბურთელისა და ფრანგული კლუბის პოზიცია ცნობილია — არც ერთ მათგანი უახლოეს პერიოდში ტრანსფერს არ განიხილავს, რადგან სასამართლო პროცესის დასრულების მოლოდინში არიან. შეგახსენებთ, ლიონი საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. სწორედ ამ სასამართლო დავაზეა დიდწილად გიორგი მიქაუტაძის მომავალი დამოკიდებული.
რომელი კლუბები ინტერესდებიან გიორგი მიქაუტაძით?
ნოტინგემ ფორესტი, ბარნლი, სანდერლენდი, რომა — გიორგი მიქაუტაძის სიტუაციას ყველა ყურადღებით აკვირდება, თუმცა ამ მომენტისთვის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე არც ერთი მათგანი არ მუშაობს. უახლოეს კვირებში მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. გიორგი მიქაუტაძის თაობაზე სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.













