ნაპოლიში მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. კლუბმა კევინ დე ბრუინი და ლუკა მარიანუჩი უკვე წარადგინა, თუმცა "პარტენოპეი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ანტონიო კონტეს გუნდი დაახლოებით 5-6 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს, ერთ-ერთი მათგანი კი აუცილებლად ფორვარდი იქნება.
ნაპოლის მთავარი სამიზნე დარვინ ნუნიესია! ურუგვაელი ფორვარდის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულს 25 წლის ფორვარდის გაყიდვა სურს, შესაბამისად, მერსისაიდელები მის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ. დარვინ ნუნიესით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის საუდის არაბეთიდანაც, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ნაპოლი აქტიურობს. დარვინ ნუნიესის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €50-60 მილიონია.
ანტონიო კონტესთვის გეგმა B ლორენცო ლუკაა. 24 წლის იტალიელი ფორვარდი უდინეზეს ღირსებას იცავს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €30-35 მილიონია. "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი ლუკას აგენტს უკვე დაუკავშირდა, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელი მთავარი სამიზნე არაა, შესაბამისად, ყველაფერი დარვინ ნუნიესის პოტენციურ ტრანსფერზეა დამოკიდებული.
ნაპოლის სატრანსფერო სიახლეებზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. იტალიურ კლუბში ფორვარდის პოზიციაზე სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.













