როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, ვიქტორ ოსიმენი გალათასარაის დასატოვებლად ემზადება. ნიგერიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თურქეთს აუცილებლად დატოვებს, თუმცა უკან, ნაპოლიში დაბრუნდება არ განიხილება. ოსიმენისა და "პარტენოპეის" ისტორია დასრულებულია, შესაბამისად, 26 წლის ფორვარდი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი აქტიურობს, რომელიც ახალ ფორვარდს ეძებს. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩი ტურინულ გრანდს დატოვებს, მის შემცვლელად კი კლუბი სწორედ ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს. მხარეები ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა რაც მუშაობან, მეტიც, ნიგერიელმა ფორვარდმა "ბიანკონერის" თანხმობა უკვე განუცხადა, თუმცა ამ პოტენციურ გარიგებას ნაპოლი ჯერჯერობით ბლოკავს. როგორც იტალიაში იწერება, "პარტენოპეის" 26 წლის ფორვარდის უშუალო კონკურენტში გაყიდვა არ სურს, რაც ამ გარიგებას აფერხებს.
არსებული სიტუაცია ასეთია, ვიქტორ ოსიმენს იუვენტუსში თამაში სურს, მაგრამ ნაპოლი ამ გარიგებაზე თანახმა არაა... თუმცა ეს დღევანდელი რეალობაა, წინ კი მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა, რა დროსაც დიდი შანსია სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ნიგერიელი ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













