კონტეს ერაში ნაპოლიმ მეოთხე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და ბენფიკას შორის რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, დავიდ ნერეში კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. საუბარია €30 მილიონიან გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც 27 წლის ბრაზილიელი ვინგერი კლუბთან კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გააფორმებს.
დანიდ ნერეში სან-პაულოს აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2017 წელს აიაქსში გადაბარგდა, სადაც ყველამ კარგად გაიცნო. შემდეგ იყო უცნაური ტრანსფერი შახტარში, სადაც ფეხბურთელმა სულ რამდენიმე თვე გაატარა, 2022 წლიდან ნერეში კი ბენფიკას ღირსებას იცავს — 83 ჩატარებული მატჩი, 17 გატანილი გოლი და 26 საგოლე გადაცემა, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ბრაზილიელი "არწივებს".
ფეხბურთელს ნეაპოლში, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, უახლოეს საათებში ელოდებიან. მხარეებმა ტრანსფერის ბოლო დეტალები რამდენიმე საათის წინ მოაგვარეს. ანტონიო კონტე ახალ ფეხბურთელს ელოდება და იმედი აქვს, რომ მეორე ტურში ბრაზილიელი განაცხადში მოხვდება.
Serie A
ნაპოლის მეოთხე ტრანსფერი: 27 წლის ვინგერი ბენფიკადან













