ბრაზილიური გავლენიანი გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — ნეიმარი მზადაა სახლში დაბრუნდეს, ბრაზილიელმა და სანტოსმა ტრანსფერზე წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, ახლა კი მხოლოდ ალ ჰილალთან ხელშეკრულების გაწყვეტაა დარჩენილი, რაზეც მხარეებმა მუშაობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყეს.
საუდის კლუბმა კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობა ამ თვის დასაწყისში დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ალ ჰილალი ფინანსების დაზოგვასა და ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტას განიხილავს. ნეიმარი საუდიში 2023 წლის ზაფხულში, €90 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ბრაზილიელმა ამ ტრანსფერიდან მალევე უმძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის ერთი წლის გამოტოვება მოუწია.
ბრაზილიელი მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა, თუმცა შემდეგ იყო ახალი დაზიანება — ნეიმარმა ფეხის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეულ პერიოდს იუქმებს. სწორედ ამ დაზიანების შემდეგ დაიწყეს პრესაში საუბრები ფეხბურთელის ალ ჰილალიდან ნაადრევად წასვლასთან დაკავშირებით.
ნეიმარი სანტოსის ღირსებას 2009-დან 2013 წლამდე იცავდა. ამ დროში ბრაზილიელმა 225 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 136 გოლი და 64 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
სანტოსში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ. ამ მომენტისთვის ფეხბურთელის წარმომადგენლები სანტოსში პოტენციურ დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
Pro League
ნეიმარი ალ ჰილალის დასატოვებლად ემზადება — ბოლო ინფორმაცია ბრაზილიიდან













