ნიკო უილიამსის ბარსელონაში ტრანსფერი გასულ კვირაში ჩაიშალა, თუმცა ამ გარიგებაზე საუბარი დღემდე არ წყდება. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც 22 წლის ესპანელი ფეხბურთელის ბარსელონაში ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ.
პირველ რიგში, როგორც ფეხბურთელან დაახლოებული წყაროები წერენ, ნიკო უილიამსის ბარსელონაში ტრანსფერი იმიტომ ჩაიშალა, რომ ფეხბურთელს სურდა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მის რეგისტრაციას ვერ შეძლებდნენ — რაზეც ჟოან ლაპორტამ უარი განაცხადა. იმის მიუხედავად, რომ წინა წელს, ბარსელონამ მსგავსი კონტრაქტი დანი ოლმოს გაუფორმა, კლუბში ახლა გადაწყვიტეს, რომ ნიკოს ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტი არ ჩაიწერებოდა.
ნიკო უილიამსს და მის წარმომადგენლებს სურდათ გარანტიები, რომ ბარსელონა შეძლებდა მის რეგისტრაციას 20 აგვისტომდე, 2025-26 წლების ლა ლიგის პირველი ტურის დაწყებამდე. ამ გარანტიებს კი პირველ რიგში იმიტომ ითხოვდნენ, რომ ბოლო წლებში ბარსას ხშირად უჭირდა ახალი ფეხბურთელების დროულად რეგისტრაცია სეზონის დაწყებამდე — მაგალითისთვის ისევ დანი ოლმო, რომ ვახსენოთ, კატალონიელებმა რამდენიმე სასამართლო გადაიტანეს იმისთვის, რომ ფეხბურთელს ლა ლიგაში თამაშის უფლება ჰქონოდა.
როდესაც პარასკევს დილით უილიამსის გადაწყვეტილების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ატლეტიკთან ახალი 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა უფრო მაღალი გამოსყიდვის პუნქტით, ამან ძალიან დიდი შოკი გამოიწვია. ბარსელონას უფროსობამ ამ ამბის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით შეიტყვეს. ეს იყო ნამდვილად დრამატული შემობრუნება, რომელიც ბევრისთვის არსაიდან ჩანდა.
დავიწყოთ სულ თავიდან - რა მოხდა 2024 წელს?
ბარსელონას ნიკოს დამატება პირველად გასულ წელს სურდა... და დიახ, სწორედ აქ ჩაეყარა კლუბებს შორის კონფლიქტს საფუძველი. ბასკურ კლუბში ყოველთვის აინტერესებდათ თუ როგორ შეეძლო ბარსელონას, თავისი პრობლემური ფინანსებით, მათი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის შეძენა. საბოლოოდ, 2024 წელს ნიკო უილიამსი ბილბაოში დარჩა, ბარსელონამ კი დანი ოლმო €60 მილიონად შეიძინა.
დანი ოლმოს რეგისტრაციისას წარმოქმნილმა სირთულეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკო უილიამსსა და ბარსელონას შორის წინა კვირაში მომხდარ მოვლენებში. გასულ წელს, დანი ოლმო მხოლოდ 2024/25 სეზონში სათამაშოდ დაარეგისტრირეს, რადგან ბარსელონამ ლა ლიგის წესებში არსებული ხარვეზი გამოიყენა. იმის ფონზე, რომ კატალონიურ კლუბი ხელფასების სახით დაშვებულზე მეტს ხარჯავდა (ისინი ლა ლიგის ხელფასის ლიმიტს არღვევდნენ, რომელიც თითოეული კლუბისთვის მათი შემოსავლის მიხედვით გამოითვლება), ლა ლიგამ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია შეზღუდა, თუმცა, ამის მიუხედავად ბარსელონამ დანი ოლმოს რეგისტრაცია იმ რეგულაციის მიხედვით მოახერხა, რომელიც კლუბებს ტრავმირებული მოთამაშეების დაზღვევის საშუალებას აძლევს. ანდრეას კრისტენსენის ტრავმის შემდეგ, კლუბმა დანი ოლმო დროებით დაარეგისტრირა. ეს დროებითი რეგისტრაცია მხოლოდ იანვრამდე იყო ძალაში.
როდესაც კრისტენსენი დაბრუნდა, ლა ლიგამ ოლმოს რეგისტრაცია გააუქმა, თუმცა ბარსელონაში მაინც გამონახეს გზა ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად. ამ საქმეში არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის მთავრობაც კი ჩაერია. ეს ყველაფერი კი ატლეტიკის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 8 იანვარს, ბილბაო და ბარსელონა ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში საუდის არაბეთში უნდა შეხვედროდნენ, როდესაც ჟოან ლაპორტამ და მისმა გუნდმა მიიღეს დადასტურება, რომ ოლმო (და პაუ ვიქტორი, რომელიც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა) თამაშის უფლებას მიიღებდა. ატლეტიკის უფროსობას ეს ფაქტი არ მოეწონა და კლუბებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.
როდესაც დანი ოლმო ბარსელონაში გადაბარგდა, მის კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა უფასოდ წასულიყო, თუ კლუბი მას არ დაარეგისტრირებდა. როდესაც იანვრის დასაწყისში ლა ლიგამ ფეხბურთელის რეგისტრაცია გააუქმა, ესპანელს შეეძლო ამ პუნქტის გააქტიურება, მაგრამ ამის მიუხედავად მან გადაწყვიტა დარჩენა და საბოლოოდ, ბარსამ შეძლო მისი გუნდში დაბრუნება. ესპანეთის უმაღლესი სპორტული საბჭოს (Consejo Superior de Deportes) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დანი ოლმო ახლა რეგისტრირებულია მისი კონტრაქტის ვადით, რომელიც 2030 წლამდეა გათვლილი. ბოლო წლებში ბარსელონამ სხვა მოთამაშეებსაც ჩაუწერა მსგავსი პუნქტი კონტრაქტებში. ამ სიაში ვხვდებით ილქაი გიუნდოგანსა და ჟულ კუნდესაც.
ახლა კი დავუბრუნდეთ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარას — ივნისის დასაწყისში, ბარსელონამ ლივერპულს მიმართა ლუის დიასის ტრანსფერის განსახილველად. მათი ინტერესი უარყოფილი იქნა, თუმცა ამ ტრანსფერის ამბავმა ნიკო უილიამსის ბანაკს შთააგონა, რომ ბარსელონას დაკავშირებოდნენ და ეკითხათ, მზად იყვნენ თუ არა მისი ტრანსფერის განხილვისთვის. კატალონიელები დათანხმდნენ და უილიამსიც #1 სამიზნედ იქცა, რადგან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი ლაპორტა, 22 წლის ვინგერის მხრიდან დაინტესერებას თავმდაბლობის ჟესტად მიიჩნევდა. მანამდე ლაპორტა უილიამსის ხელახლა შეძენის წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ გასულ ზაფხულს, როდესაც ბარსელონა ფეხბურთელით დაინტერესებული იყო, ესპანელმა საკმარისი ერთგულება არ გამოავლინა. უილიამსის აგენტი 13 ივნისს "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ეცნობებინათ, რომ ვინგერი მათთან თამაშს დათანხმდებოდა, იმ პირობით თუ ლა ლიგაში რეგისტრაცია გარანტირებული იქნებოდა. აქედან ათი დღის შემდეგ, დეკუმ "ლა ვანგარდიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი უილიამსით არიან დაინტერესებულნი და მის დამატებას შეეცდებოდნენ.
23 ივნისისთვის, ნიკო უილიამსმა თავად აცნობა ბილბაოს, რომ კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურდა, რასაც ატლეტიკის რეაგირება მოჰყვა 26 ივნისს კლუბის განცხადების გამოქვეყნებით, რომელშიც ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოთქვა ბარსელონას ოფიციალური პირების მიერ მათი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ღიად საუბრის გამო. განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ შეხვდა კლუბის პრეზიდენტი ხავიერ ტებასს, რათა მოეთხოვა ბარსელონას სტატუსის შემოწმება ხელფასის ლიმიტის წესებთან დაკავშირებით. ამ დაძაბული ატმოსფეროს მიუხედავად, ნიკო უილიამსსა და კატალონიურ კლუბს შორის მოლაპარაკებები მაინც გრძელდებოდა.
ბარსელონასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა (€58 მილიონი), რომელიც ერთ ნაწილად უნდა გადახდილიყო, პრობლემას არ წარმოადგენდა კლუბისთვის. მათი თქმით, თანხა მომზადებული იყო, თუმცა ამ პუნქტის გააქტიურება 30 ივნისამდე ვერ მოხდებოდა (სწორედ ამ რიცხვში სრულდებოდა ფინანსური წელი ესპანეთში). ბარსელონა ნიკო უილიამსის გამოსყიდვას მომავალი სეზონის ბიუჯეტით გეგმავდა, მაგრამ გამოსასყიდი პუნქტის გადახდამდე მოთამაშის სრული თანხმობა იყო საჭირო. ესპანეთში გამოსასყიდი პუნქტების გადახდის პროცედურა აიძულებს შესაბამის მოთამაშეს ან მის წარმომადგენლებს, ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ლა ლიგის ხელმძღვანელობას აცნობოს. ნიკო უილიამსი და ბარსელონა ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ ეტაპამდე მისასვლელად, მაგრამ საბოლოოდ, გამოსასყიდი პუნქტის გამო, ეს ვერ შეძლეს. მოთამაშის ბანაკი დაჟინებით მოითხოვდა გარანტიებსა და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერას. თან ამ ყველაფერს ემატებოდა სხვა კლუბების ინტერესიც — საქმეში იყვნენ ბაიერნი და არსენალიც, რომლებიც გარანტიებსაც იძლეოდნენ და გამოსასყიდი თანხის გადახდაც შეეძლოთ. დეკუმ უარი თქვა ნიკოს აგენტების მოთხოვნებზე, რადგან ის უილიამსის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ვინგერი წარმატებით დარეგისტრირდებოდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე, მაგრამ არ სურდა €58 მილიონის ოდენობის აქტივის უფასოდ დაკარგვის რისკის ქვეშ დაყენება.
სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროების თქმით, დეკუმ გასულ სეზონში ოლმოს საგასთან დაკავშირებით დიდი ზარალი განიცადა და უილიამსის გარიგების შემდეგ ეს ის საკითხი იყო, რისი გავლაც მას აღარ სურდა. ამასთანავე, ბარსელონას წყაროების ცნობით, მათი აზრით, კლუბმა უკვე გამოიჩინა კეთილგანწყობა და გასულ ზაფხულს ჩაშლილი ტრანსფერის მიუხედავად, ფეხბურთელის დამატების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ოთხშაბათ საღამოს, ბარსელონას საბჭოს წევრები კვლავ დარწმუნებულები იყვნენ, რომ გარიგება განხორციელდებოდა, მათ სჯეროდათ, რომ უილიამსის მათთან გაწევრიანების სურვილი ყველა განსახილველ საკითხს მოაგვარებდა, მაგრამ ისინი მწარედ შეცდნენ.
ხუთშაბათს საღამოს, უილიამსი ბილბაოში დაბრუნდა, რა დროსაც გადაიღეს ახალი კლიპი, სადაც მისი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ განცხადება გაკეთდა. ბარსელონას ხელმძღვანელებმა უილიამსის ატლეტიკში დარჩენის შესახებ ინფორმაცია ამ ვიდეოდან შეიტყვეს.
ნიკო უილიამსი ატლეტიკის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა — გადასახადების შემდეგ, მისი წლიური ანაზღაურება €10 მილიონი იქნება. ეს მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ბარსელონა სთავაზობდა ფეხბურთელს, თუმცა ატლეტიკს ამ მხრივ ხელსაყრელი პლატფორმა აქვს. ბასკეთის ქვეყანას, კერძოდ კი ბიზკაიას პროვინციას, რომლის დედაქალაქიც ბილბაოა, ფეხბურთელების ხელფასებზე დაბეგვრის საკუთარი წესები აქვს. სპორტსმენები სარგებლობენ შემცირებული განაკვეთით, რადგან ადგილობრივი მთავრობა მათ სამუშაო წლებს სხვა ნებისმიერ მუშაკზე ნაკლებად მიიჩნევს. ედუარდ რომეუმ, ბარსელონას ყოფილმა ფინანსურმა ვიცე-პრეზიდენტმა, გასულ კვირას ადგილობრივ რადიოსადგურ RAC1-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა: "მათი დაბეგვრის წესებით, კატალონიის წესებთან შედარებით, ნიკო უილიამსი ბარსელონასთვის 40 პროცენტით უფრო ძვირი შესანახი იქნებოდა, ვიდრე ატლეტიკისთვის."
ნიკო უილიამსის საგა საბოლოოდ დასრულდა. ბარსელონაში უკვე სხვა სამიზნეებზე გადაერთვნენ. დეკუ როგორც ლუის დიასის, ისე მარკუს რაშფორდის ტრანსფერზეც მუშაობს. როგორ მოახერხებს კატალონიური კლუბი ამ ფეხბურთელების რეგისტრაციას, ეს მხოლოდ ლაპორტამ და მისმა გუნდის წევრებმა იციან, ხოლო რაც შეეხება ნიკოს, ძმები უილიამსები მომდენო სეზონშიც ერთად შეუტევენ ატლეტიკ ბილბაოსთვის.













