ოფიციალურად — ნიკოლას ჯექსონი ბაიერნის ფეხბურთელია! გერმანულმა გრანდმა 24 წლის ფორვარდის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა "რეკორდმაისტერს" სენეგალელი ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
იმის მიუხედავად, რომ ნიკოლას ჯექსონის ბაიერნში ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, სენეგალელმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა, რომ გარიგება მაინც განხორციელებულიყო. მას შემდეგ, რაც ლიამ დელაპმა მძიმე ტრავმა მიიღო, ლონდონურმა კლუბმა გერმანულ კლუბთან თავდაპირველი შეთანხმება დროებით შეაჩერა, თუმცა, ამის მიუხედავად, მხარეებმა მოახერხეს და საბოლოო შეთანხმებას სულ რამდენიმე საათის წინ მიაღწიეს.
სენეგალელი ფორვარდი ჩელსის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 81 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













