ტრანსფერი დაიხურა — ნიკ ვოლტემადე შტუტგარტიდან კარიერას ნიუკასლში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 23 წლის ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის დაახლოებით €85 მილიონიანი გარიგება შედგა, რაც ნიუკასლისთვის სარეკორდო შენაძენი იქნება.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გერმანელი ფორვარდის ბაიერნში ტრანსფერი ჩაიშალა, საქმეში ნიუკასლი ჩაერთო. "კაჭკაჭების" შეთავაზებაზე შტუტგარტმა უარი ფიზიკურად ვერ თქვა და რამდენიმე საათის წინ დაწყებული გარიგება, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. ნიკ ვოლტემადემ ედი ჰაუსთან საუბრის შემდეგ, ნიუკასლის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, რამაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები დააჩქარა.
ნიკ ვოლტემადე შტუტგარტის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. გერმანელმა ამ დროში 36 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 18 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გერმანელი ფორვარდის ტრანსფერი დიდი ალბათობით ალექსანდერ ისაკის ნიუკასლიდან წასვლას ხელს შეუწყობს. ლივერპული საქმეში რჩება, უახლოეს საათებში კი დიდი შანსია მერსისაიდელებმა ახალი შეთავაზება გააკეთონ. შვედ გოლეადორს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ენფილდზე სურს და ნიუკასლში თამაშს აღარ განიხილავს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ პერიოდში საკმაოდ საინტერესო გარიგებები განხორციელდება.













