ოფიციალურად: კონტეს ერაში ნაპოლიმ მეექვსე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და მანჩესტერ იუნაიტედს შორის რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, სკოტ მაკტომინეი კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის თითქმის €35 მილიონიანი გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც 27 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ანტონიო კონტე ნახევარდაცვის გაძლიერებას პირველივე დღიდან ითხოვდა და როგორც ჩანს, ეს სურვილი აურელიო დე ლაურენტისმა გაითვალისწინა. ნაპოლი მაკტომინეის გარდა, დიდი ალბათობით, ბილი გილმორსაც დაიმატებს. 23 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ამ წუთებში გადის, მისი ტრანსფერი კი ოფიციალური უახლოეს საათებში გახდება.
მაკტომინეიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 255 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ნაპოლიმ ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, შოტლანდიელი, სავარაუდოდ, მესამე ტურში კონტეს განკარგულებაში იქნება.
Serie A
ოფიციალურად: სკოტ მაკტომინეი ნაპოლის ფეხბურთელია













