რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა — ვიქტორ ოსიმენმა ალ ჰილალის შეთავაზება ოფიციალურად დაბლოკა! იმის მიუხედავად, რომ საუდის კლუბი 26 წლის ნიგერიელ ფორვარდს წელიწადში €45 მილიონს სთავაზობდა, ფეხბურთელმა სოლიდურ თანხაზე უარი მაინც განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გარიგებით ვეღარ ისარგებლებს ნაპოლიც, რომელიც ფეხბურთელის უფლებებს ამ დრომდე ფლობს. შეგახსენებთ, ალ ჰილალი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ €75 მილიონს იხდიდა.
საქმეში რჩება გალათასარაი, რომელიც ტრანსფერზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. თურქული გრანდი ყველაფერს აკეთებს ვიქტორ ოსიმენის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება ალ ჰილალს, ამ მომენტისთვის უცნობია საუდის წარმომადგენლები ახალ შეთავაზებას გაუკეთებენ თუ არა ნიგერიელ ფორვარდს. ერთი რაც დაზუსტებით ვიცოდით, სიმონე ინძაგის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დახურვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდა, ტურნირი კი სტარტს 7 დღეში აიღებს.
უახლოეს საათებში ვიქტორ ოსიმენის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













