არსენალში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. "მეთოფეებმა" მარტინ ზუბიმენდის, კეპა არისაბალაგასა და კრისტიან ნორგორის ტრანსფერები უკვე დახურეს, თუმცა მიკელ არტეტას გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ლონდონელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 3-4 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით არსენალში გადაბარგდება ნონი მადუეკეა! დიახ, ლონდონურ კლუბსა და 23 წლის ინგლისელ ვინგერს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, შემდეგ ეტაპი კი ჩელსისთან სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებაა.
ჩელსიმ ნონი მადუეკე ტრანსფერზე გასულ თვეში დააყენა, რითაც არსენალმა ისარგებლა და გარიგებაზე მუშაობაც დაიწყო. მიკელ არტეტას ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და როგორც ირკვევა, თავად მადუეკესაც ძალიან სურს ესპანელ სპეციალისტთან ერთად მუშაობა.
ენცო მარესკას გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელს დაახლოებით £50-60 მილიონად აფასებს, რაც არსენალისთვის მისაღები თანხაა. "მეთოფეები" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ. სამივე მხარეს ტრანსფერის განხორციელების დიდი სურვილი აქვს, შესაბამისად, დიდი შანსია გარიგება უახლოეს 7-10 დღეში დაიხუროს.













