ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღით ადრე, ნიკოლას ჯექსონის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, 24 წლის სენეგალელის ტრანსფერზე ბაიერნი მუშაობს! მეტიც, გერმანულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, ტრანსფერის განსახორციელებლად კი მხოლოდ ჩელსის თანხმობაა დარჩენილი.
ნიკოლას ჯექსონი, რომ ენცო მარესკას გეგმებში არ შედიოდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ, შესაბამისად, ჩელსიში სენეგალელი ფორვარდის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ. საქმეში იყვნენ იუვენტუსი, მილანი, ნიუკასლი და ასტონ ვილაც, თუმცა როგორც ჩანს ნიკოლას ჯექსონის დამატებასთან ახლა ყველაზე ახლოს ბაიერნია. მხარეები განიხილავენ როგორც პირდაპირ ტრანსფერს, ისე იჯარასაც. უახლოეს საათებში სენეგალელის პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
სენეგალელი ფორვარდი ჩელსის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 81 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













