ბაიერნში მომდევნო სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყეს. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებენ, თუმცა ამ სტატიაში მათ შესახებ არ მოგიყვებით, არამედ ვისაუბრებთ "რეკორდმაისტერის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პოტენციურ სამიზნეებზე.
გავლენიან გერმანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ბაიერნი ზაფხულში მინიმუმ 4-5 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ფლანგის შემტევი იქნება. ვენსან კომპანის გუნდი ამ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშეს განიხილავს, თუმცა #1 სამიზნე აშკარად უკვე ცნობილია.
ენტონი გორდონი ვენსან კომპანის რჩეულია! დიახ, გერმანულ გრანდში 25 წლის ფლანგის შემტევი ყველას ძალიან მოსწონს და თვლიან, რომ ზაფხულში მისი დამატება თუ მოხერხდება, გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო მოიმატებს. ზემოხსენებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ბაიერნსა და ენტონი გორდონის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
იმის ფონზე, რომ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ ახერხებს, მოსალოდნელია, რომ "კაჭკაჭებს" ზაფხულში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დატოვებს და დიდი შანსია ამ სიაში ენტონი გორდონიც მოხვდეს. ბაიერნის გარდა, 25 წლის ინგლისელ შემტევს პრემიერ ლიგის კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან, შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ენტონი გორდონის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ბაიერნმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა!













