იტალიური კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აქტიურად შეუდგნენ. ამ სიაშია ტურინის იუვენტუსიც, რომელიც მოსალოდნელია, რომ იანვრის თვეში მინიმუმ 2 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ცენტრალური ნახევარმცველი იქნება.
იუვენტუსში "box-to-box" სტილის მოთამაშეს ეძებენ და რამდენიმე კანდიდატურასაც უკვე განიხილავენ, თუმცა ლუჩანო სპალეტისთვის #1 სამიზნე უდავოდ დავიდე ფრატეზია!
მხარეებს შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე დღის წინ უკვე შედგა, სადაც "ბიანკონერიმ" 26 წლის იტალიელი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ლუჩანო სპალეტის დავიდე ფრატეზი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ თუ კლუბი მის დამატებას შეძლებს, იუვენტუსის ნახევარდაცვის ხაზი საგრძნობლად გაძლიერდება.
რაც შეეხება ინტერის პოზიციას, დავიდე ფრატეზი კრისტიან კივუს გეგმებში ნაკლებად შედის, შესაბამისად, თუ რომელიმე კლუბი იტალიელის სანაცვლოდ დაახლოებით €28-30 მილიონს მაინც გადაიხდის, მილანელები ფეხბურთელს მარტივად შეელევიან.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2026 წლის 1 იანვარს იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დავიდე ფრატეზის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.













