მანჩესტერ იუნაიტედში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ოლდ ტრაფორდის ბინადრები იანვრის თვეში მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ცენტრალური ნახევარმცველი იქნება.
მას შემდეგ, რაც ბრუნო ფერნანდეშმა ტრავმა მიიღო, კლუბში ახალი შუახაზელის დამატებაზე ფიქრი უკვე დაიწყეს და როგორც ცნობილი ხდება, "წითელი ეშმაკების" რჩეული კიდევ ერთი პორტუგალიელი ფეხბურთელია.
საუბარი ალ ჰილალის 28 წლის ნახევარმცველზე რუბენ ნევეშზეა! როგორც ირკვევა, მანჩესტერ იუნაიტედის უფროსობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი უკვე შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბენ ამორიმს გამოცდილი შუახაზელის დამატება სურს.
ამ მომენტისთვის რუბენ ნევეშის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მეტი არაფერი ხდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება, პორტუგალიელის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუბენ ნევეში 2017-2023 წლებში ვულვზის ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო ორი წელია უკვე ალ ჰილალის ფეხბურთელია. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.













