იტალიურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს და მათ გარშემო რამდენიმე საინტერესო სიახლე უკვე გავრცელდა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველაზე მეტად რომა აქტიურობს, რადგან ჯან პიერო გასპერინიმ 3 ახალი ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, საიდანაც მინიმუმ ერთი ფორვარდი უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, რომაელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯოშუა ზირკზეა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი ნიდერლანდელ შემტევს მინიმუმ აფრიკის ერთა თასის დასრულებამდე არ შეელევა, რადგან 18-20 იანვრამდე ამად დიალო და ბრაიან მბიუმო რუბენ ამორიმის განკარგულებაში არ იქნებიან, შესაბამისად, პორტუგალიელ სპეციალისტს 24 წლის ფორვარდი სჭირდება.
სწორედ ამ მიზეზის გამო, რომა სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს და როგორც ცნობილი ხდება, "ჯალოროსიმ" ჯაკომო რასპადორის თაობაზე ატლეტიკო მადრიდთან მოლაპარაკებები დაიწყო.
მადრიდული პრესის ინფორმაციით, ჯაკომო რასპადორი ჩოლო სიმეონეს გეგმებში არ შედის, სწორედ ამიტომ ატლეტიკო 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. იმის ფონზე, რომ იტალიელ ფორვარდს სერია A-ში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რომაში ფიქრობენ, რომ მისი დამატებით გუნდის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. ჯან პიერო გასპერინის ჯაკომო რასპადორი ძალიან მოსწონს და თუ ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერი არ შედგება, მისთვის შეტევის გაძლიერების საუკეთესო ვარიანტი იტალიელი ფორვარდი იქნება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2026 წლის 1 იანვარს იხსნება, შესაბამისად, უახლოეს კვირებში ჯოშუა ზირკზეს, ჯაკომო რასპადორისა და რომას პოტენციურ ტრანსფერებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













