რომაში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. "ჯალოროსიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 5 ფეხბურთელი უკვე დაიმატა, თუმცა ჯან პიერო გასპერინის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. დედაქალაქური კლუბი 1 სექტემბრამდე მინიმუმ 2-3 ფეხბურთელის შეძენას კიდევ გეგმავს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება რომას მაისური მოირგოს, ჯეიდონ სანჩოა! დიახ, იტალიური კლუბი ინგლისელი ვინგერის ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს, მეტიც, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა, კერძოდ £20 მილიონი. როგორც იწერება, 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელი რომაში თამაშს სერიოზულად განიხილავს.
ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედს 1 სექტემბრამდე 100% დატოვებს. ინგლისელის კლუბში დარჩენა უბრალოდ გამორიცხულია, შესაბამისად, "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ. რომას გარდა საქმეში სხვა ევროპული კლუბებიც არიან, მათ შორის იუვენტუსიც, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მაინც "ჯალოროსი" აქტიურობს.
ამასობაში, რომა კიდევ ერთი ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს — საუბარია ლეონ ბეილიზე, რომელიც ასტონ ვილას ღირსებას იცავს. გასპერინის როგორც ჯეიდონ სანჩოს, ისე 28 წლის იამაიკელი შემტევის დამატებაც სურს. მომდევნო დღეებში იტალიური კლუბის პოტენციურ ტრანსფერებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













