ბოლო საათებში ფრანგული მედიის მთავარი სასაუბრო თემა პარი სენ-ჟერმენია, სადაც ძალიან მალე შეიძლება საინტერესო გადაადგილება მოხდეს. როგორც ირკვევა, პარიზული კლუბი ძალიან ახლოსაა ლუკას შევალიეს დამატებასთან, რომელიც დიდი ალბათობით ჯანლუიჯი დონარუმას შეცვლის! დიახ, პსჟ და იტალიელი მეკარე ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, შესაბამისად, კლუბმა მისი პოტენციური შემცვლელის დამატება გადაწყვიტა.
პარი სენ-ჟერმენი და ჯანლუიჯი დონარუმა ახლა კონტრაქტზე დაახლოებით ერთი წელია, რაც მუშაობენ, თუმცა ამის მიუხედავად მხარეები შეთანხმებას მაინც ვერ ახერხებენ. მთავარი მიზეზი რის გამოც იტალიელ მეკარეს ახალი კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებია, ფინანსებია. 26 წლის კარის დარაჯის წლიური ანაზღაურება €10 მილიონია, აგენტი კი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფერს ემატება დონარუმას ამჟამინდელი ხელშეკრულებაც — იტალიელი მეკარე მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
ზემოხსენებული მიზეზების გამო, პარი სენ-ჟერმენში მომავალზე ფიქრი უკვე დაიწყეს და იმ მეკარის დამატებაზე მუშაობენ, რომლის მიმართაც კლუბი ინტერესს უკვე ერთ წელზე მეტია იჩენს. პსჟ, რომ ლუკას შევალიეთი ინტერესდებოდა, პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. პარიზული გრანდი და ლილი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელენ. საუბარია დაახლოებით €40 მილიონიან გარიგებაზე. პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში 23 წლის ფრანგი მეკარის ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირაში შეეცდება.
და ბოლოს, ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი — იტალიელი მეკარის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი კლუბი იჩენს, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული ჯერ არაფერი ხდება. ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა, ერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცით ისაა, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის მომავალ წელს უფასოდ დაკარგვა არ სურს.













