
პორტუგალიური ადგილობრივი წყაროების თქმით, პსჟ მზადაა პორტოს 17 წლის ტალანტში €45 მილიონი გადაიხადოს — საუბარია როდრიგო მორაზე, რომელზეც მთელი საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობს.
როდრიგო მორა პორტოს აკადემიის აღზრდილია, 2024 წლის ზაფხულიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ დროში 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. როდრიგო მორა პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც ასევე შეტევაში ფლანგებზეც შეუძლია თამაში. ფეხბურთელს პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და თუ ადგილობრივ პრესას დავუჯერებთ, მალე მას ეროვნულ გუნდშიც ვიხილავთ.
იმის მიუხედავად, რომ საუბარი 17 წლის ფეხბურთელზეა, პსჟ მაინც მზადაა სოლიდური თანხის გადასახდელად. საქმეში სხვა ევროპული გუნდებიც არიან — არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი, იუვენტუსი, რეალ მადრიდი, ასტონ ვილა... დიახ, ყველას ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, როდრიგო მორაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა პსჟ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მუშაობს, ეს ცნობილია.
















