ევროპის მასშტაბით ტოპ კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კი სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, რამდენიმე გუნდის პოტენციურ სამიზნეებზე ინფორმაცია უკვე გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ქენან ილდიზით ტოპ კლუბები ინტერესდებიან და ზაფხულში ახალგაზრდა თურქის იუვენტუსიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდია. ჩელსი, არსენალი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნი — ყველა ამ კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ჩელსი აქტიურობს. როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი ილდიზის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
თურქი ფეხბურთელი, რომ იუვენტუსის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. მას შემდეგ, სიტუაცია დიდწილად არ შეცვლილა და როგორც ვინგერთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, 19 წლის ფეხბურთელი ზაფხულში ყველა შეთავაზებას განიხილავს. რაც შეეხება იუვენტუსს, კლუბის პოზიცია ცნობილია — "ბიანკონერის" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი ქენანის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, დიდი შანსია ტურინელები ტრანსფერზე დათანხმდნენ.
ქენან ილდიზი იუვენტუსის პირველ გუნდში 2023 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ფეხბურთელმა ამ დროში 78 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













