მილანში დაანონსებული დიდი ცვლილებები გრძელდება. მას შემდეგ, რაც გუნდში მასიმილიანო ალეგრი და იგლი ტარე მივიდნენ, "როსონერიში" შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. გუნდი უკვე დატოვა ტიჯანი რეინდერსმა, რომელიც მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დიდი შანსია მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 15-დან 20-მდე ფეხბურთელმა დატოვოს.
წამსვლელთა სიაში შეიძლება მოხვდეს რაფა ლეაოც, რომლის გარშემოც საუბრები არ წყდება. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ვინგერის ტრანსფერზე ბაიერნი მუშაობს! დიახ, გერმანული კლუბი ახალ შემტევ ფეხბურთელს ეძებს და რაფა ლეაო ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის კონტაქტი არ შემდგარა, თუმცა ბაიერნი 25 წლის ფეხბუთელის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა. "რეკორდმაისტერში" პორტუგალიელი ვინგერი ძალიან მოსწონთ, თუმცა მის გარდა შეტევის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.
მასიმილიანო ალეგრის მილანში მისვლის შემდეგ, კლუბის პოზიცია რაფა ლეაოს მიმართ შეიცვალა — თუ აქამდე კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას სერიოზულად განიხილავდა, ახლა "როსონერი" პორტუგალიელი შემტევის შენარჩუნებას გეგმავს და თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას არ გადაიხდის, მილანის ათიანი სან სიროზე დარჩება. უახლოეს კვირებში რაფა ლეაოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













