მილანში დიდი ცვლილებები იგეგმება. კლუბში ახალი სპორტული დირექტორი მივიდა — იგლი ტარემ "როსონერისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. შემდეგი ეტაპი ახალი მწვრთნელის შერჩევა და არსებული შემადგენლობის გადახალისება იქნება. პირველი ფეხბურთელი, რომელიც მილანს დატოვებს დიდი ალბათობით ტიჯანი რეინდერსი იქნება, რომელიც მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს შეიძლება რაფა ლეაო იყოს.
დიახ, პორტუგალიელი ფეხბურთელი მილანის დასატოვებლად ემზადება. როგორც რამდენიმე თვის წინ უკვე მოგახსენეთ, "როსონერი" 25 წლის ვინგერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელით 3 ტოპ კლუბი უკვე ინტერესდება — ბარსელონა, ატლეტიკო მადრიდი და ბაიერნი! დიახ, სამივე კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. უახლოეს კვირებში მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
რაფა ლეაო მილანის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 260 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 70 გოლი და 62 საგოლე გადაცემაც შეასრულა. პორტუგალიელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €80 მილიონია. უახლოეს კვირებში, რაფა ლეაოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













