რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — რასმუს ჰოილუნი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 22 წლის დანიელ ფორვარდს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ნაპოლი ახალგაზრდა ფეხბურთელს იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. მხარეებს შორის €45 მილიონიანი გარიგება შედგა.
რასმუს ჰოილუნი, რომ რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედიოდა, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ დადასტურდა. იმის მიუხედავად, რომ დანიელ ფორვარდს ოლდ ტრაფორდზე დარჩენა სურდა, კლუბმა ფეხბურთელის გაშვება მაინც გადაწყვიტა. განიხილებოდა მილანის ვარიანტიც, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას ნაპოლიმ აჯობა.
დანიელი ფორვარდი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 95 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













