იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არც კი გახსნილა, რეალ მადრიდმა ორი გარიგება უკვე დახურა, მესამეზე მუშაობას კი აგრძელებს. სამეფო კლუბმა დინ ჰაუსენი უკვე გაიფორმა, თვის ბოლომდე კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერიც გაოფიციალურდება, რასაც შემდგომში წესით და რიგით ალვარო კარერასის დამატებაც მოჰყვება. თუმცა, რეალ მადრიდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, როდრიგო კლუბის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ბრაზილიელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ 24 შემტევი ახალ გამოწვევაზე ფიქრობს და დიდი შანსია ზაფხულში სანტიაგო ბერნაბეუ დატოვოს. სწორედ ამიტომ სამეფო კლუბში ბრაზილიელის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ.
დადასტურებული ინფორმაციით, რეალ მადრიდი ნიკო უილიამსით ინტერესდება! დიახ, სამეფო კლუბი 22 წლის ვინგერის დამატებას სერიოზულად განიხილავს. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემები წერენ, მადრიდული კლუბისთვის ნიკო უილიამსის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის €58 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება. ჩაბი ალონსოს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და თუ როდრიგო გუნდს დატოვებს, კლუბი ესპანელი შემტევის დამატებას შეეცდება.
შეგახსნებეთ, გასულ წელს ნიკო უილიამსი ბარსელონაში გადასვლასთან იყო ძალიან ახლოს, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა და ფეხბურთელი ატლეტიკ ბილბაოში დარჩა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ახალგაზარდა ესპანელი ვინგერით არსენალი, ჩელსი, ბაიერნი და სხვა ევროპული გრანდები ინტერესდებიან.
ნიკო უილიამსის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













