გავლენიანი ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ბარსელონა ოსასუნას 22 წლის ვინგერით ვიქტორ მუნიოზით სერიოზულად ინტერესდება და ზაფხულში მის დამატებასაც შეეცდება, თუმცა სერიოზული ინტერესის მიუხედავად, დიდი შანსია ეს გარიგება მაინც არ შედგეს.
როგორც ირკვევა, რეალ მადრიდის უფროსობა ვიქტორ მუნიოზის ბარსელონაში გადასვლის წინააღმდეგია, მეტიც, სამეფო კლუბში ე.წ. უკან დაბრუნების უფლების გამოყენებას (buyback) გეგმავენ და დიდი შანსია 22 წლის ფეხბურთელმა ახალი სეზონი სწორედ მადრიდულ გრანდში დაიწყოს. შეგახსენებთ, რეალ მადრიდი ახალგაზრდა ფეხბურთელის უფლებებს ამ დრომდე ფლობს.
ვიქტორ მუნიოზმა პირველი ნაბიჯები ბარსელონას აკადემიაში გადადგა, საიდანაც შემდეგ დამის აკადემიაში გადაბარგდა, 2021 წელს კი რეალ მადრიდში აღმოჩნდა. ესპანელი ვინგერი ოსასუნაში 2025 წელს გადავიდა, სადაც საკმაოდ კარგად დაიმკვიდრა თავი და ბარსელონასა და რეალ მადრიდის გარდა, სხვა ევროპული კლუბების ინტერესიც დაიმსახურა. ვიქტორ მუნიოზის ანგარიშზე ამ სეზონში 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ვიქტორ მუნიოზის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, 22 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის რეალ მადრიდში დაბრუნებასთანაა ყველაზე ახლოს.













