რობერტო ფირმინოს ისტორია საუდის არაბეთში დასრულდა. გამოცდილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ალ აჰლისთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. იმის მიუხედავად, რომ 33 წლის ფეხბურთელს ევროპული ვარიანტებიც ჰქონდა, ფირმინომ ახალი გუნდი უკვე შეარჩია.
ბრაზილიელი ფორვარდი კარიერას ალ სადში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ფეხბურთელს კატარში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
რობერტო ფირმინო ალ აჰლის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიელმა ამ დროში 65 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 17 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ალ სადი ფეხბურთელს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













