პარი სენ-ჟერმენში 2026/27 სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, პარიზულ გრანდს საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს გუნდი სერიოზულ შევსებას მიიღებს.
განიხილება რამდენიმე პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატება, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ფორვარდი იქნება. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, გონსალუ რამუში სეზონის ბოლოს პსჟ-ს დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ახალი შემტევი დასჭირდება.
რაც შეეხება მთავარ სამიზნეს, პარიზულ კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ლუის ენრიკესა და ლუიშ კამპუშს ამ პოზიციაზე ფავორიტი ფეხბურთელი უკვე ჰყავთ შერჩეული და მისი სახელი ხულიან ალვარესია!
პარიზულ კლუბში არგენტინელი ფორვარდით ყველა აღფრთოვანებულია და როგორც ირკვევა, ხულიან ალვარესი 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. პარი სენ-ჟერმენში კარგად იციან, რომ 25 წლის შემტევის დამატება მარტივი არ იქნება, თუმცა სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში კლუბის მფლობელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს არგენტინელის გასაფორმებლად.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელისა და ატლეტიკოს პოზიციას — მადრიდულ კლუბს არგენტინელის შენარჩუნება სურს და რა თქმა უნდა მის გაყიდვას მარტივად არ დათანხმდება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის პოზიციაც. ბევრი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ალვარესი უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას სერიოზულად განიხილავს, რაც პარი სენ-ჟერმენსა და სხვა ყველა დაინტერესებულ კლუბს საქმეს შედარებით უმარტივებს.
შეგახსენებთ, არგენტინელ ფეხბურთელს ატლეტიკო მადრიდთან არსებული კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი მინიმუმ €120/130 მილიონია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ხულიან ალვარესის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდენლია, რომ პარი სენ-ჟერმენის გარდა საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც ჩაერთვებიან.













