სენტ-ეტიენში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბმა პრე-სეზონის პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარა, სადაც მონაწილეობა ზურიკო დავითაშვილმაც მიიღო. ქართველი ფეხბურთელი მოლოდინის რეჟიმშია — დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 24 წლის შემტევი ლიგა 2-ში არ დარჩება და ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს. სენტ-ეტიენი ზურიკო დავითაშვილს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს. ქართველი ფეხბურთელის მიმართ რენის, სტრასბურგისა და ბეშიქთაშის ინტერესი უკვე დადასტურდა, თუმცა მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
მეორე ფეხბურთელი, რომელიც სენტ-ეტიენს აუცილებლად დატოვებს ლუკას სტასინია. ბელგიელი ფორვარდის სატრანსფერო ფასი €20 მილიონია და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ზურიკოს მსგავსად გუნდს ისიც გამოიცვლის. ბეგლიელი ფორვარდით ლიგა 1-ის კლუბები ინტერესდებიან და საქმეშია ასევე პორტუგალიური სპორტინგიც, რომელიც ვიქტორ გიოკერეშის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს.
სენტ-ეტიენის პოზიცია ნათელია — თუ რომელიმე კლუბი როგორც ზურიკო დავითაშვილის, ისე ლუკას სტასინის სანაცვლოდ კლუბის მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის, "მწვანეები" გარიგებას არ დაბლოკავენ და ფეხბურთელებს ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან. უახლოეს კვირებში ორივე ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













