არსენალში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. "მეთოფეებმა" მარტინ ზუბიმენდისა და კეპა არისაბალაგას ტრანსფერები უკვე დახურეს, თუმცა მიკელ არტეტას გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ლონდონელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 4-5 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.
მას შემდეგ, რაც ტომას პარტეიმ არსენალი დატოვა, მიკელ არტეტამ ახალი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა, ესპანელი სპეციალისტის რჩეული კი კრისტიან ნორგორი აღმოჩნდა! რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, 31 წლის დანიელი ბრენტფორდიდან კარიერას ემირეითსზე გააგრძელებს. მხარეებს შორის €11 მილიონიანი გარიგება შედგა.
კრისტიან ნორგორი ბრენტფორდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა. დანიელმა ფეხბურთელმა ამ დროში 196 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 13 გოლი და 18 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ნორგორს ლონდონში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.













