შეთანხმება შედგა — დინ ჰაუსენი ბორნმუთიდან კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს! სამეფო კლუბმა ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის გააქტიურება გადაწყვიტა. ესპანელი ცენტრალური მცველის წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან, სადაც მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ. სამეფო კლუბი 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ £50 მილიონს გადაიხდის და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება. ამ გარიგებიდან დინ ჰაუსენის ყოფილი გუნდებიც იხეირებენ. როგორც ირკვევა, თანხის 10%-ს იუვენტუსი, ხოლო 5%-ს მალაგა მიიღებს.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში ლივერპული, ჩელსი და არსენალი იყვნენ, დინ ჰაუსენმა უპირატესობა მადრიდულ გრანდს მიანიჭა, ამ ყველაფერმა კი რეალს საქმე ძალიან გაუმარტივა. დინ ჰაუსენი ბორნმუთში 2024 წელს გადაბარგდა და გუნდის ლიდერად მალევე იქცა. ამ ყველაფერს შემდგომში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც მოჰყვა. ჩაბი ალონსოს ფეხბურთელის დამატება ძალიან სურდა, შესაბამისად, ფლორენტინო პერესმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტრანსფერიც დაიხურა.
რეალ მადრიდის გეგმა ცნობილია — მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბმა 3 ტრანსფერი უნდა განახორციელოს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გარიგება დაიხურა, რასაც უკვე დინ ჰაუსენის ტრანსფერის მოჰყვა. ახლა კი მადრიდში ახალ მარცხენა მცველს ელოდებიან.













