წინა კვირაში დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, უგო ეკიტიკე აინტრახტიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 23 წლის ფრანგ ფორვარდს ინგლისში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ლივერპული ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €95 მილიონს გადაიხდის.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, ლივერპულმა მოახერხა და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი დახურა. განიხილებოდა ალექსანდერ ისაკის დამატებაც, თუმცა ნიუკასლმა ყველა შეთავაზება დაბლოკა, სწორედ ამიტომ არნე სლოტის გუნდი გეგმა B-ზე გადაერთო.
უგო ეკიტიკე აინტრახტის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 64 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













