რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, კრისტოფერ ნკუნკუ ჩელსიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის ფრანგ ფეხბურთელს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "როსონერი" კრისტოფერ ნკუნკუს სანაცვლოდ დაახლოებით €35-40 მილიონს გადაიხდის.
კრისტოფერ ნკუნკუ ენცო მარესკას გეგმებში არ შედიოდა, შესაბამისად, ფრანგის ჩელსიდან წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო. საქმეში იყვნენ ბაიერნი, ლაიფციგი და ასტონ ვილაც, თუმცა მას შემდეგ, რაც მილანის ინტერესი დადასტურდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ფეხბურთელმა უპირატესობა იტალიურ კლუბს მიანიჭა. მილანმა როგორც ფეხბურთელს, ისე ჩელსისაც კარგი შეთავაზება გაუკეთა, სწორედ ამიტომ ტრანსფერი დაიხურა.
კრისტოფერ ნკუნკუ ჩელსის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ამ დროში 62 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მილანი 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.













