ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, ინგლისურ პრესაში პრემიერ ლიგის კლუბების სამუშაო შეაფასეს. ყველაზე მეტი რა თქმა უნდა ლივერპულზე დაიწერა, რადგან მერსისაიდელებმა არსებული შემადგენლობა ძალიან გააძლიერეს, შესაბამისად, სალაპარაკოც ბევრი იყო.
ადგილობრივმა პრესამ განიხილა ყველა ის პოზიცია, სადაც ლივერპულმა ტრანსფერები გააკეთა, მათ შორის ახალ მეკარეზეც ითქვა ერთი-ორი სიტყვა. იმის მიუხედავად, რომ ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს შეიძინა, ქართველი მეკარე ახალ გუნდს მიმდინარე წელს შეუერთდა.
როგორც ირკვევა, წინა წელს ლივერპულში გიორგი მამარდაშვილის გარდა კიდევ ორი მეკარის დამატებას განიხილავდნენ — საუბარია ლუკას შევალიესა და დიოგუ კოშტაზე. დიახ, დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ როგორც ფრანგის, ისე პორტუგალიელის მიმართაც არნე სლოტის გუნდი სერიოზულ ინტერესს იჩენდა, თუმცა არჩევანი მაინც ქართველ მეკარეზე შეჩერდა.
ლივერპულში თვლიან, რომ ქართველი მეკარის დამატებით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს. პირველ რიგში ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ ასეთი ძლიერი კარის დარაჯის, ასეთ დაბალ თანხად შეძენა საუკეთესო ნაბიჯი იყო, რასაც შემდგომში ვალენსიასთან დადებული გარიგებაც დაემატა, რა დროსაც გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში კიდევ 1-წლით დარჩა. ეს ყოველივე ლივერპულის გეგმებში შედიოდა, შესაბამისად, კლუბში ეს ნაბიჯი გადადგეს და როგორც შევალიეს, ისე კოშტას დამატებაზე უარი განაცხადეს.
ახლა ლუკას შევალიე პარი სენ-ჟერმენის პირველი ნომერია, ხოლო დიოგუ კოშტა ამ დრომდე პორტოს ღირსებას იცავს.













