დადასტურებულად — ნიკო პასი მიმდინარე სეზონის ბოლოს კომოს 100% დატოვებს და უკან, რეალ მადრიდში დაბრუნდება! მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, არგენტინელი ტალანტი მომდევნო სეზონს სამეფო კლუბში დაიწყებს. კლუბები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს კვირებში მოაგვარებენ.
რამდენიმე არგენტინული და ესპანური გამოცემის ინფორმაციით, რეალ მადრიდში ნიკო პასის უკან დაბრუნებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განიხილავდნენ, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 21 წლის ნახევარმცველი კომოს ზაფხულამდე არ დატოვებს. შეგახსენებთ, რეალ მადრიდს ნიკო პასის უკან დაბრუნების უფლება, ე.წ. buy-back აქვს, რასაც სამეფო კლუბი მომავალ წელს გააქტიურებს. მადრიდული გრანდი ახალგაზრდა არგენტინელ შემტევს სულ რაღაც €10-12 მილიონად დაიბრუნებს.
ნიკო პასის ანგარიშზე ამ სეზონში 13 ჩატარებული მატჩი, 5 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.













