ლივერპულის გარშემო საუბრები არ წყდება — მერსისაიდული კლუბის კრიზისს დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს და ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი ამ დრომდე არ ჩანს. გუნდის ცუდმა სათამაშო ფორმამ კი ახალ კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.
საუბარი რა თქმა უნდა არნე სლოტსა და მოჰამედ სალაჰს შორის დაწყებულ კონფლიქტზეა. რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მედიასთან ღიად იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც გუნდშია, რასაც ნიდერლანდელი სპეციალისტისა და კლუბის პასუხიც მოჰყვა და 33 წლის ფეხბურთელი ინტერთან სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ ლივერპულის ლეგენდებიც, რომლებმაც მო სალაჰის საქციელი გააკრიტიკეს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ეგვიპტელ ფეხბურთელს ბევრი მათგანი მხარს უჭერს, თუმცა უმეტესობა თვლის, რომ 33 წლის ფეხბურთელი სწორად არ მოიქცა, როდესაც მედიასთან კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის სიტუაცია უახლოეს კვირებში თუ არ დასტაბილურდა, მო სალაჰი ლივერპულს იანვარში აუცილებლად დატოვებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული წყაროები ადასტურებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა.
ახლა კი ისმის კითხვა - სად შეიძლება გააგრძელოს მოჰამედ სალაჰმა კარიერა?
იქამდე სანამ ფეხბურთელი მიმდინარე წელს ლივერპულთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, ეგვიპტელის მომავალს ყველა საუდის არაბეთს უკავშირდება და ამას მარტივი მიზეზით ხსნიდა —"სალაჰის ხელფასს ევროპული კლუბები ვერ გაწვდებიან". შეიცვალა თუ არა ამ 7-8 თვეში არსებული სიტუაცია? თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ არა, რადგან ევროპაში ალბათ არავინ გამოჩნდება ისეთი, რომელიც სალაჰის სანაცვლოდ სოლიდურ სატრანსფერო თანხას გადაიხდის და ფეხბურთელს ხელფასის სახით თვეში £400,000 გადაუხდის. ასევე გასათვალიწინებელია თავად სალაჰის სურვილიც, რადგან როგორც ცნობილია, ეგვიპტელს საუდის ლიგაში თამაშის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
საუდის ლიგიდან ინტერესი კვლავ რეალურია, მეტიც, რამდენიმე კლუბმა პირველი ნაბიჯიც გადადგა და სალაჰის თაობაზე ინფორმაციაც მოითხოვა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ყველაფერი მაინც იანვრის თვეში გადაწყდება.













