იუვენტუსის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — თუ აქამდე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იუვენტუსს დატოვებდა, ახლა სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა და ეს დიდწილად ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა.
დიახ, როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყეს და სერბ ფეხბურთელს ტურინული გრანდის დატოვება აღარ სურს. ბოლო დღეების განმავლობაში დუშან ვლაჰოვიჩის აგენტსა და "ბიანკონერის" უფროსობას შორის პირველი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება ყველასთვის მომგებიანი იქნება, შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. შეგახსენებთ, დუშან ვლაჰოვიჩი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, დუშან ვლაჰოვიჩი თუ იუვენტუსში დარჩება, ეს ლუჩანო სპალეტის დიდი დამსახურება იქნება, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა პირადად მოითხოვა სერბი ფორვარდის შენარჩუნება. უახლოეს კვირებში, დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობოლი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, 26 წლის ფორვარდი იუვენტუსში დასარჩენად მზადაა!













