იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ზაფხულის პოტენციურ დიდ ტრანსფერებზე საუბარი უკვე შეგვიძლია. მუნდიალის წელს დიდი შანსია რამდენიმე ტოპ გარიგება განხორციელდეს და ამ სიაში შეიძლება სანდრო ტონალიც მოხვდეს.
როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემები წერენ, სანდრო ტონალი ნიუკასლის შესაძლო დატოვებას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ კი ტოპ კლუბები უკვე ინფორმირებულნი არიან.
რამდენიმე თვის წინ როგორც გაცნობეთ, სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს იუვენტუსი იჩენს, თუმცა ტურინელების გარდა საქმეში ინგლისური კლუბებიც არიან — მანჩესტერ სიტისა და არსენალის ინტერესი რეალურია, თუმცა იტალიელი ნახევარმცველის სიტუაციას სხვა პრემიერ ლიგის წარმომადგენლებიც ყურადღებით აკვირდებიან.
რაც შეეხება ნიუკასლის პოზიციას, "კაჭკაჭებს" 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, თუმცა თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით €90-100 მილიონს მაინც გადაიხდის, დიდი შანსია ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთონ და გარიგებაც შედგეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, სანდრო ტონალის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













