დადასტურებულად — რობერტო დ'ავერსა ტორინოს ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 50 წლის იტალიელ სპეციალისტს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც მხარეები ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებენ. ტორინომ მარკო ბარონის უკვე აცნობა, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
ვინ არის რობერტო დ'ავერსა და რა შეიძლება შეიცვალოს საბა საზონოვის თაობაზე?
რობერტო დ'ავერსას ბოლო გუნდი ემპოლი იყო, სადაც 2024-დან 2025 წლის ზაფხულამდე მუშაობდა, რაც მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან სწორედ ამ პერიოდში შედგა საბა საზონოვის ემპოლიში ტრანსფერი. ქართველი ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ, ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მთლიანი სეზონი გამოტოვა და რობერტო დ'ავერსასთან მუშაობა არ მოუწია, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ იტალიელ სპეციალისტს საბა საზონოვის დამატება ძალიან სურდა და მისი ბოლომდე ეიმედებოდა.
შეგახსენებთ, მარკო ბარონის გადაწყვეტილებით, საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა ახლა საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ახალი მწვრთნელის გუნდში მისვლის შემდეგ არსებული სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალოს.













