ოფიციალურად — ილია ზაბარნი პსჟ-ს ფეხბურთელია! პარიზულმა კლუბმა 22 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. პარი სენ-ჟერმენმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ ბორნმუთს დაახლოებით €66 მილიონი გადაუხადა.
პარიზული კლუბი უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაახლოებით ორი თვე მუშაობდა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, თუმცა ლუის ენრიკესთვის ილია ზაბარნი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
იმის მიუხედავად, რომ ბორნმუთს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, პარიზული კლუბის მიერ შეთავაზებულ თანხაზე ინგლისელებმა უარი ფიზიკურად ვერ თქვეს.
ილია ზაბარნი ბორნმუთის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. უკრაინელმა ამ დროში 86 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













