ჩელსიში მიხაილო მუდრიკის შემცვლელი იპოვეს — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უკრაინელ ვინგერს ჯეიმი გიტენსი შეცვლის! ლონდონურმა კლუბმა დორტმუნდთან ტრანსფერი ყველა დეტალი შეათანხმა, მეტიც, 20 წლის ინგლისელ ვინგერს სამშობლოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ჩელსი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცლოდ დაახლოებით €60-65 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად გიტენსი კლუბთან 7-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჩელსი, რომ ჯეიმი გიტენსის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაცნობეთ. ლონდონელებს ფეხბურთელის დამატება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდათ, თუმცა მაშინ დორტმუნდთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელით ბაიერნიც ინტერესდებოდა, ფეხბურთელმა პრიორიტეტი ჩელსის მიანიჭა, სწორედ ამიტომ გარიგებაც დაიხურა.
ჯეიმი გიტენსი სწორედ ჩელსის აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2018 წელს მანჩესტერ სიტიში გაბარგდა. ინგლისელი შემტევი ფეხბურთელი 2020 წლიდან მოყოლებული დორტმუნდის ღირსებას იცავდა. გიტენსმა ამ დროში 106 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 17 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













