რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯონათან დევიდი ლილიდან კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, კანადელ ფორვარდს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. შეგახსენებთ, "ბიანკონერი" ჯონათან დევიდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
მას შემდეგ, რაც ჯონათან დევიდის ლილიდან წასვლა გადაწყდა, კანადელის დამატებას რამდენიმე კლუბი ცდილობდა, მათ შორის აქტიურობდნენ იტალიური კლუბებიც. საქმეში იყვნენ ნაპოლი და ინტერი, თუმცა 25 წლის ფორვარდმა უპირატესობა იუვენტუსს მიანიჭა.
იგორ ტუდორის გუნდი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელს აქტიურად ეძებდა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც კანადელ ფორვარდზე შეჩერდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბიანკონერის" დატოვებს.













