რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯოვანი ლეონი პარმადან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 18 წლის იტალიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ლივერპული სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული მცველის სანაცვლოდ დაახლოებით €35 მილიონს გადაიხდის.
ლივერპული, რომ ახალ ცენტრალურ მცველს ეძებდა, ეს რამდენიმე თვის წინ დადასტურდა. ჯარელ ქუანსას წასვლის შემდეგ, კლუბმა ახალი მცველის დამატება დაჩქარებული წესით გადაწყვიტა.
განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევანი 18 წლის იტალიელ ტალანტზე შეჩერდა. ჯოვანი ლეონის დამატება სურდა მილანს, ინტერსა და იუვენტუსსაც, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ლივერპული ჩაერთო, ყველა იტალიურმა კლუბმა უკან დაიხია და საქმიდან გავიდა. მერსისაიდელების საკმაოდ სოლიდურ შეთავაზებაზე უარი ვერც პარმამ თქვა და ვერც ფეხბურთელმა, შესაბამისად გარიგებაც დაიხურა.
ჯოვანი ლეონი პადოვას აკადემიის აღზრდილია, ხოლო პარმას ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 17 მატჩს მოუყარა თავი. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და სამშობლოში მისი ყველას ძალიან ეიმედება. ლივერპული ახალ ცენტრალურ მცველს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













