რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის ინგლისელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
ბარსელონა, რომ მარკუს რაშფორდით ინტერესდებოდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ. მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მუშაობდნენ, თუმცა მაშინ ინგლისელი ასტონ ვილაში გადაბარგდა. მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკის გუნდმა ნიკო უილიამსი ვერ დაიმატა, კლუბი რაშფორდის კანდიდატურას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.
მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა. ინგლისელმა ამ დროში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ბარსელონა 27 წლის შემტევს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













