რამდენიმე დღის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, კონრად ჰარდერი სპორტინგიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 20 წლის დანიელ ფორვარდს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €27 მილიონს გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც ვიქტორ ბონიფეისის მილანში ტრანსფერი ჩაიშალა, "როსონერი" გეგმა B-ზე გადაერთო. განიხილებოდა დუშან ვლაჰოვიჩის დამატებაც, თუმცა სერბ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხელფასი სურდა, რის გამოც ეს გარიგება არ შედგა. ამის შემდეგ მილანი სხვა კანდიდატურებზე გადაერთო და საბოლოო ჯამში არჩევანი კონრად ჰარდერზე შეჩერდა.
კონრად ჰარდერი ნორდსიელანდის აკადემიის აღზრდილია, სპორტინგის ღირსებას კი 2024 წლიდან მოყოლებული იცავს. დანიელმა ფორვარდმა ამ დროში 51 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













