რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასრულდა, ტიჯანი რეინდერსი მილანიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მილანი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €65-70 მილიონს მიიღებს.
მანჩესტერ სიტი, რომ ტიჯანი რეინდერსით ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ. პეპ გვარდიოლას ნიდერლანდელი ფეხბურთელი ყოველთვის მოსწონდა, შესაბამისად, მისი დამატება კლუბისთვის პრიორიტეტული გახდა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ინგლისური კლუბი ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერს კვირის ბოლომდე დაადასტურებს.
მანჩესტერ სიტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შემდეგი რაიან შერკის ტრანსფერი დაიხურება, რასაც რაიან ეიტ-ნურიც მოჰყვება. "ქალაქელები" მომდევნო სეზონისთვის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ.













