ლივერპულში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. როგორც ირკვევა, კლუბი ჟერემი ფრიმპონგის დამატების შემდეგ, ლევერკუზენის კიდევ ერთ ფეხბურთელს ფლორიან ვირცსაც გაიფორმებს! ლივერპულმა €130 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, 22 წლის გერმანელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში მერსისაიდული კლუბის ღირსებას დაიცავს.
როგორც ინგლისური მედია იუწყება, კლუბები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც, ფლორიან ვირცი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. გერმანელი ფეხბურთელისთვის მინიმუმ 5-წლიანი ხელშეკრულება უკვე გამზადებულია.
ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობდა ბაიერნი, მეტიც, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფეხბურთელი სწორედ "რეკორდმაისტერში" გადასვლასთან იყო ძალიან ახლოს, თუმცა მას შემდეგ რაც საქმეში ლივერპული ჩაერთო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და გერმანელმა "ათიანმაც" უპირატესობა ენფილდის ბინადრებს მიანიჭა.
ლივერპული ამ ორ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს. შემდეგი გარიგება, რომლის დახურვასაც არნე სლოტის გუნდი შეეცდება მილოშ კერკეზი იქნება. ბონრმუთთან ამ ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება.













