ინტერში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. "ნერაძურიმ" ლუის ენრიკეს, პეტარ სუჩიჩისა და ნიკოლა ჟალევსკის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა კრისტიან კივუს გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მილანური გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით ინტერში გადაბარგდება ანჟე-იოან ბონია! "ნერაძური" და პარმა ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ. მხარეები დაახლოებით €25-26 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. 21 წლის ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გამზადებულია.
ანჟე-იოან ბონი პარმას ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფრანგმა ამ დროში 117 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 15 გოლი და 12 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ინტერი ახალგაზრდა ფეხბურთელს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













