ტრანსფერი დროის საკითხია — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ლუის დიასი უახლოეს დღეებში ლივერპულს დატოვებს და კარიერას ბაიერნში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, კლუბები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი გერმანიაში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ბაიერნი გამოცდილი ვინგერის სანაცვლოდ დაახლოებით €80 მილიონს გადაიხდის.
ლუის დიასს, რომ ლივერპულის დატოვება სურდა, ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ. კოლუმბიელი ვინგერი თვლიდა, რომ მისი კარიერისთვის ლივერპულის დატოვება და ახალ ლიგაში გადასვლა საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა. განიხილებოდა საუდიში, კერძოდ ალ ნასრიში გადასვლაც, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ბაიერნი ჩაერთო, ლუის დიასმა "რეკორდმაისტერში" გადასვლა არჩია.
კოლუმბიელი ფეხბურთელი ლივერპულის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 148 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 41 გოლი და 23 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













