მანჩესტერ სიტიში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. კლუბი უახლოეს დღეებში ორ გარიგებას დახურავს — ტიჯანი რეინდერსისა და რაიან შერკის ტრანსფერები სიტიში უბრალოდ დროის საკითხია. ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდება, კლუბი ორივე ფეხბურთელს კვირის ბოლომდე წარადგენს.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფეხბურთელს, რომლის დამატებასთანაც მანჩესტერ სიტი ძალიან ახლოსაა — პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით, კლუბი ახალ მარცხენა მცველს დაიმატებს, #1 სამიზნე კი რაიან ეიტ-ნურია! ვულვზის 23 წლის განაპირა მცველი ზაფხულში გუნდს აუცილებლად გამოიცვლის და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კარიერას სწორედ მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს. მხარეები ამ გარიგებაზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობენ და როგორც ინგლისური გამოცემები წერენ, შეთანხმებასთანაც ძალიან ახლოს არიან.
რაიან ეიტ-ნური ვულვზის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 157 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 19 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
23 წლის ალჟირელი ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს მისი მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი დროის საკითხია.













